by Giorgi MeladzeAugust 03, 2023
This is the Georgian translation of the article "Lifting the Language Curtain and Affirming Georgia’s Nonviolent History", published on August 1, 2023 (in English here). Translated by Giorgi Meladze.
რამდენიმე ხნის წინ მეგობრებთან, კოლეგებთან ვსაუბრობდი სამოქალაქო წინააღმდეგობის ისტორიებზე, გამოცდილებებზე და სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი ინფორმაცია უბრალოდ იკარგება, იშლება. აქტივისტები არ წერენ საკუთარ გამოცდილებაზე, კამპანიებზე, რაც მომავალი თაობისთვის ცოდნის გადაცემას შეუძლებელს ხდის.
ცოდნის გაზიარების და არაძალადობრივი კამპანიების ისტორიის შესასწავლად ბევრი შესაძლებლობა ისედაც არ გვაქვს. სამაუწყებლო მედია საცერივითაა, უამრავ ინფორმაციას ატარებს და ვერ ინარჩუნებს აქტივისტებისთვის უმნიშვნელოვანეს მასალას თვითმმართველობის გამოცდილებასა და არაძალადობრივ კამპანიებზე. სოციალური მედიის იმედად ყოფნაც არ გამოდის. ტროლებით, სიყალბითა და ტყუილებით სავსე სოციალური ქსელები ინფორმაციის უღრან ტყეებს დაემსგავსა, რომელშიც გზის გაკლევას გამოცდილი მეგზურიც ვეღარ მოახერხებს და ვერ მოიძიებს სასურველ ინფორმაციას.
სამოქალაქო მოძრაობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობების მოსამზადებლად, დემოკრატიის დაცვისა და გაძლიერებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. აქტიურ ადამიანებს შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში და შევქმნათ წერილობითი, ვიზუალური მასალა ჩვენი საქმიანობის შესახებ, აღვწეროთ კამპანიები, გამოწვევები და შედეგები და არ მივცეთ ყოველდღიურობას ფასეული გამოცდილების მივიწყების უფლება.
ამ ბლოგის მიზანიც არაძალადობრივი აქტივიზმის ისტორიაზე მსჯელობაა. სავარაუდოდ, არა მხოლოდ ქართველები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტული აქტივისტებიც ეჩეხებიან მსგავს პრობლემებს, რაზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ და ეს მცირე საკითხავი მათთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს. ბლოგში პრობლემის ერთ-ერთ საფუძველს ე.წ. „ენობრივ ფარდას“, მის შინაარსს, გავლენას, ამ ფენომენით გამოწვეულ წინააღმდეგობებს გამოვიკვლევთ.
საქართველოს სამოქალაქო კამპანიებსა და სამოქალაქო მოძრაობებზე არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი უცხო ენებზეა შექმნილი. სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ ეცნობა არაქართულ ენაზე შექმნილ მასალას. შესაბამისად, ვერ სწავლობს ვერც საკუთარი ქვეყნის და ვერც სხვა ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე.
უცხო ენის ცოდნა ყოველთვის ცენტრალურ როლს თამაშობდა „რკინის ფარდის“ მიღმა მყოფი საქართველოს საზოგადოებისთვის. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უცხოურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას ისინი ახერხებდნენ, ვინც უცხო ენები იცოდა. ასეთები ცოტანი იყვნენ. აქტიური საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ერთვებოდა საჯარო ცხოვრებაში.
მხოლოდ უცხო ენების მცოდნეები ახერხებენ სამოქალაქო საზოგადოების საკითხებზე აქტიურად მსჯელობას. სხვები, როგორც წესი, დისკუსიის ფარგლებს გარეთ რჩებიან. ენობრივი ფარდის პრობლემა ჩვენთვისაც აქტუალურია და საქართველოთი დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც. ბევრი ადგილობრივი წამოწყება უხილავი რჩება საერთაშორისო საზოაგდოებისთვის, რადგან ამ წამოწყებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს არაქართულ ენებზე. დიდი უსამართლობაა, როცა მხოლოდ უცხო ენის მცოდნეებს ეძლევათ საერთაშორისო ფორუმებზე საუბრის შესაძლებლობა. მეც ხშირად ვყოფილვარ ასეთი უსამართლობის მონაწილე და მხოლოდ იმიტომ შევურჩევივარ ხოლმე რესპოდენტად ვინმეს, რომ რომელიმე უცხო ენაზე შემეძლო მასთან საუბარი. ასეთ სამწუხარო რეალობას შედეგად მოჰყვება აქტივისტების ერთი ნაწილის იზოლირება და მათი ისტორიებიც ნელ-ნელა ქრება.
ენობრივი ფარდა მცდარი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებასაც უწყობს ხელს. მედიის განვითარების ფონდს mdfgeorgia.ge და სხვა წყაროებს არაერთი კვლევა აქვთ გამოქვეყნებული ტროლების საქმიანობაზე, საკომუნიკაციო არხების მისაკუთრებასა და ინფორმაციით მანიპულირებაზე. ამგვარი საქმიანობის მსხვერპლი აქტივისტური მოძრაობა „კმარაც“ არაერთხელ გამხდარა. 20 წლის წინანდელ ამბებს დღესაც აქტიურად იყენებს ავტორიტარული რეჟიმი მანიპულაციური მიზნებისთვის, აყალბებს „ვარდების რევოლუციის“ ისტორიას.
რადიკალური ჯგუფები ასევე ხეირობენ ენობრივი იზოლაციით და საკუთარი დღის წესრიგის სხვისთვის თავსმოხვევას ცდილობენ.
ამიტომ, აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა: ვინ სარგებლობს ენობრივი ფარდის ეფექტით? რა თქმა უნდა ავტორიტარული რეჟიმი. ქართულ ენაზე არსებული მწირი ინფორმაცია შესაძლებელს ხდის ათასგვარ მანიპულაციას.
ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა ვიზრუნოთ, წარსულის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ, თუ ფუნქციური საზოგადოების შექმნა გვინდა.
სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაციის (მაგალითად ბილ მოიერსის კამპანიის განვითარების 8 ეტაპის ფლობა აუცილებელია, რათა ჟურნალისტმა შეძლოს არსებული ვითარების სწორად შეფასება და საზოგადოებისთვის გადაცემა. ქართულ ენაზე არსებული მწირი მასალა აქაც საკვანძო როლს თამაშობს. შედეგად, ჯადოსნურ წრეში შეიძლება ამოვყოთ თავი. ცოდნის გაზიარების გარეშე მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესების საჯაროდ განხილვის შესაძლებლობას ვკარგავთ, საკვანძო მოვლენებს ვერ ვაფიქსირებთ და მნიშვნელოვან ისტორიებსაც ყურადღებას ვერ ვაქცევთ, ვაქრობთ მოვლენათა ქრონიკიდან. მაგალითისთვის 2022 წლის შემთხვევას მოვიყვანთ. პარლამენტის წინ შეიკრიბა უპრეცედენტოდ ბევრი დემონსტრანტი „რუსული მთავრობის“ გასაპროტესტებლად. კამპანიის ლიდერებმა ვერ შეძლეს მკაფიო მოთხოვნებისა და, სტრატეგიის შეთავაზება აქციის მონაწილეებისთვის. შედეგად მასობრივი აქცია უკმაყოფილების განცდით დაიშალა და სერიოზულად დაზიანდა ორგანიზატორების რეპუტაცია. აქციის ორგანიზატორებს საზოგადოებისთვის დღემდე არ უთქვამთ, თუ რა მოხდა, რა ხდებოდა კულისებში, რატომ მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღეს და ა.შ. რაც დრო გადის, ეს კონკრეტული ისტორია აქტუალობას კარგავს და კიდევ უფრო ნაკლების გაგებას შევძლებთ. არადა, ამგვარ დეტალებზეა დამოკიდებული სურათის სრულად დანახვის და შეცდომების გააზრების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი ამბავი იკარგება.
დემოკრატიზაცია და განვითარება რთულად დასაძლევი მისიებია და საქართველოს ისტორია ამის ნათელი მაგალითია. თუმცა, პროცესი კიდევ უფრო რთულია მისთვის, ვისაც სათანადო ინსტრუმენტები არ გააჩნია წინააღმდეგობების გადასალახად. უცხო ენა ერთი ასეთი წინააღმდეგობაა.
ქართული ენა მსოფლიოს უძველეს ენათა რიგშია. ქართული ენა აერთიანებს განსხვავებული წარმოშობის ადამიანებს და ყოველდღიური სალაპარაკო ენაა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. ICNC-ს მხარდაჭერით, ტრენინგებისთვის გამოსადეგი არაერთი მასალა ითარგმნა ქართულ ენაზე. მაგრამ ეს ზღვაში წვეთია და თუ ადგილობრივი მიმომხილველები არ შექმნიან დამატებით მასალას, ადგილობრივი აქტივისტები არ გაამდიდრებენ საჯარო დისკუსიას ადგილობრივი ისტორიებით, ნათარგმნი მასალის როლი დიდი ვერ იქნება. ამგავრი მასალის შექმნა უნდა იქცეს ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტად, სამოქმედო გეგმად.
ჩვენ შეგვიძლია მოვყვეთ და ჩავიწეროთ ისტორიები და ტრადიციად ვაქციოთ სამოქალაქო პროტესტის მიმოხილვა, ანალიზი. განსაკუთრებით ეფექტური იქნება მიმოხილვა, რომელიც მოვლენების თანადროულია. სამომავლოდ უკვე ამ მასალის თარგმნა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებაც გახდება შესაძლებელი.
ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვახერხებთ წერას და ეს შანსი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ, რომ რეჟიმის დამარცხების შემდგომ ყველაფრის კარგად გააზრება შევძლოთ და დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
Giorgi Meladze is Associate Professor at Ilia State University School of Law in Tbilisi, Georgia. He is a former member of the KMARA movement, a civic youth movement against Shevardnadze’s rule in the early 2000s. He has extensive experience in training grassroots groups and human rights activists locally and internationally. Currently he is one of the organizers of the ჯიუტი/GEUT (“Stubborn Resistance”) movement in Georgia.
Read More